24 13:09:50.06.2010 ინტერვიუ

"ცუდი გოგო ნამდვილად არ ვარ. ადრე შედარებით რბილი ხასიათი მქონდა და მომთმენი ვიყავი, ახლა უფრო მომთხოვნი გავხდი და იმდენს აღარ "ვყლაპავ". იმიტომ კი არა, რომ გავუზრდელდი ან "გავსტერვდი", არა... უბრალოდ, ვეცლები ისეთ ადამიანებს, ვისთან ურთიერთობაც არ მსიამოვნებს. სიბინძურესა და სიყალბეში ცხოვრებას ვერ ვიტან", - ასე დაგვიხასიათა თავისი პიროვნება მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ, რომელიც აწმყოსა და მომავალზე გულწრფელად ლაპარაკობს.

- შეუძლებელია, არ გკითხოთ, - როგორ ახერხებთ ასეთ კარგ ფორმაში ყოფნას?
- იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდე, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, თუმცა ვარჯიში რეგულარულად მჭირდება. ყოველთვის სპორტულ რიტმში ვცხოვრობდი, თან ბალეტზეც დავდიოდი და, ალბათ, ამის შედეგია კარგ ფორმაში რომ ვარ. ახლა მხოლოდ ფიზიკური შრომით, რეპეტიციებითა და გადარბენა-გადმორბენით ვინარჩუნებ წონას. სხვათა შორის, დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემი 10 წლის შვილი ჩემზე 7 კილოგრამით მძიმეა. ოღონდ ეს ამბავი მე უფრო განვიცადე, ვიდრე ბავშვმა (იცინის).

- პლასტიკური ოპერაცია თუ გაქვთ გაკეთებული?
- არა. არც თმა შემიღებავს და არც წარბი ამომიქნია. ჯერჯერობით არ მხიბლავს პლასტიკური ოპერაციები. მერე ვნახოთ, თუ გამიჩნდა სურვილი, გავიკეთებ. საერთოდ, პლასტიკურ ოპერაციებში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ოღონდ ზედმეტად გადიდებული ტუჩი, მკერდი და ძალიან წვრილი წარბი არ მომწონს, არაბუნებრივია.

- თეატრში სეზონი დაიხურა. ამ ზაფხულს ახალ სპექტაკლზე თუ იწყებთ მუშაობას?
- რა თქმა უნდა. ლევან წულაძემ დაიწყო მუშაობა ახალ სპექტაკლზე, რომელსაც ჯოვანი ბოკაჩოს "დეკამერონის" მიხედვით დგამს. მთელი ზაფხული თეატრში მომიწევს ყოფნა.

- ჭოლამ მთავარი როლი მოგცათ?
- ჭოლას სპექტაკლებში ყველა როლი მთავარია. ამიტომაც მიყვარს მასთან მუშაობა.

- ტელესერიალ "ჟამი ყვავილობისას" ჩვენება მაისში უნდა განახლებულიყო...
- მაისში არა, მაგრამ ამბობენ, აგვისტოში განახლდებაო, დამირეკეს და მკითხეს, აგვისტოში თავისუფალი თუ ხარ, შეიძლება სერიალის გადაღება განვაგრძოთო. სიმართლე გითხრათ, დასვენება უფრო მინდა, რადგან საშინლად გადავიღალე.

- ეკა, თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით იმ მსახიობებს შორის, რომლებიც ეკრანზე გაშიშვლდნენ. თუმცა თქვენს გაშიშვლებას აჟიოტაჟი არ მოჰყოლია...
- (იცინის) ჩემმა გაშიშვლებამ ნამდვილად მშვიდობიანად ჩაიარა. ალბათ, იმიტომ რომ "პახაბნი" არ ვიყავი.

- ეკრანზე გაშიშვლება ერთია, მაგრამ ფილმში სექსუალურ სცენაში მონაწილეობას თუ დათანხმდებით?
- თუ მთელი ფილმი სექსზეა აგებული, რა თანხაც უნდა შემომთავაზონ, არ დავთანხმდები. პორნოგრაფიულ ფილმში არასდროს ვითამაშებ, მაგრამ კარგ მხატვრულ ფილმში მონაწილეობას, სადაც სექსს ესთეტიკური დატვირთვა ექნება, სიამოვნებით დავთანხმდები. ფილმში ინტიმური სცენა კატასტროფა ნამდვილად არ არის. ქართველი საზოგადოება უკვე შეეჩვია ასეთ სცენებს, ხომ ხედავთ, ახალ "ჯაყოს ხიზნებში" ნატა მურვანიძის გაშიშვლებასაც არ მოჰყოლია მითქმა-მოთქმა.

სხვათა შორის, მარგოს როლის სინჯებზე მეც მიმიწვიეს, თუმცა რეჟისორმა როლზე ნატა დაამტკიცა. ის კი მორიდებით მოვიდა ჩემთან და მითხრა, მე დამამტკიცეს მთავარ როლზეო. ძალიან ღელავდა. მაგრამ რა სისულელეა, მსახიობები ვართ და ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე. ნატო იმაზეც ღელავდა, ინტიმური სცენის თამაში რომ უწევდა. თუმცა, ყველაფერს ისე კარგად და ლამაზად გაართვა თავი, რომ საზოგადოება არ გაღიზიანებულა.

- ეკა, ყოფილ მეუღლეზე, ნიკო გომელაურზე გკითხავთ.
- (ტირის) ამ კითხვას რატომღაც არ ველოდი... როგორც კი ნიკო გამახსენდება, ცრემლიც იქ არის... ცრემლი სულ არის, ნიკოს ავადმყოფობის შეტყობიდან დაწყებული დღემდე... მიუხედავად იმისა. რომ 13 წლის წინ გავშორდი, მაინც საშინელ ტკივილს განვიცდი... ნიკოს ძალიან ვუყვარდი, ძალიან...

- ნიკო ყოველთვის ამბობდა, რომ დანახვისთანავე შეუყვარდით.
- ნამდვილად არსებობს ერთი ნახვით შეყვარება. ნიკოს შემდეგ მსგავსი გრძნობა აღარ განმიცდია. მეც დანახვისთანავე შემიყვარდა და, ყველაფრის მიუხედავად, ბოლომდე კარგი ურთიერთობა გვქონდა. ნიკოს ცოლთან, ნინასთანაც ვმეგობრობ. ნინა საოცარი ადამიანია, მასთან მეგობრობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემმა შვილმა, ტასომაც აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ მე, დედა, მამა, ნინა და ჩემი და-ძმა ერთი ოჯახი ვართო. ნამდვილად ასეა. ნინამ შეუძლებელი შეძლო ნიკოსთვის.

ნინას წყალობით, მან 2 თვის ნაცვლად წელიწად-ნახევარს იარა ამქვეყნად და სწორედ ამ პერიოდში დაწერა უამრავი ლექსი, ითამაშა არაერთ სპექტაკლსა და ფილმში. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკოს არაფერი დაემართებოდა. ავადმყოფობაზე ნიკოსთან არასდროს მისაუბრია. თუ რამე მაინტერესებდა, ყოველთვის ნინას ვურეკავდი ან ბავშვებისგან ვიგებდი.


- ნიკომ იცოდა, რაც სჭირდა?
- ყველაფერი კარგად იცოდა. მაგრამ არ იმჩნევდა. ყოველ დღეს იმედით ხვდებოდა და ღმერთმა უამრავი დღე აჩუქა.

- ნიკოს პანაშვიდზე თქვენ და ნინა ერთად ისხედით...
- ამის გამო უხერხულობა არ მიგრძნია. მითქმა-მოთქმას ყურადღებას არ ვაქცევ. შინ ვერაფრით დავჯდებოდი, თანაც ჩემი შვილების გვერდით უნდა ვყოფილიყავი.

- როგორი მეუღლე იყო ნიკო?
- არაჩვეულებრივი მეუღლე და მამა იყო. ერთხანს, როცა მე თეატრში სამუშაოდ მიმიწვიეს, ნიკო შინ რჩებოდა და შვილებს უვლიდა. ძალიან მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, ნიკო ბავშვებს არაფერს მოაკლებდა.

- ერთხელ თქვით: "მე ნიკო მივატოვე, შემდეგ კი იმან მიმატოვა, ვის გამოც ნიკოს გავშორდი, ამით ღმერთმა სამაგიერო გადამიხადა". ნანობთ ნიკოს მიტოვებას?
- ოჯახი ნამდვილად ჩემი ინიციატივით დავანგრიე და ვიცი, რომ დიდი ცოდვა ჩავიდინე, მაგრამ მყავს მესამე შვილი, რომლის გარეშეც ერთი წამი ვერ გავძლებთ ვერც მე და ვერც ჩემი უფროსი შვილები. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ნიკოსთან დაშორებას ვნანობ. ვნანობ მხოლოდ იმას, რომ ნიკოს უზარმაზარი ტკივილი მივაყენე.

- როგორც ამბობენ, იმ პერიოდში სმა დაიწყო...
- ნიკუშა მანამდეც სვამდა, მაგრამ ოჯახის დანგრევის შემდეგ მოუმატა.

- როდესაც მეორე მეუღლემ, თემურ უგულავამ მიგატოვათ, რას განიცდიდით?
- ძალიან ცუდად ვიყავი, თუმცა დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ. შრომისმოყვარე ვარ და ჩემი საქმე და ბავშვები ყველაფერს მატანინებენ. რაც წლები მემატება, ვხვდები, რომ უამრავი სირთულის მიუხედავად, ცხოვრება მაინც მშვენიერია.

- ახლა თუ ხართ შეყვარებული?
- არა. აბსოლუტურად თავისუფალი და დამშვიდებული ვარ.

- მეორე მეუღლესთან დაშორების შემდეგ აღარ გყვარებიათ?
- როგორ არა, მიყვარდა...

- მეორე, უკვე ყოფილ მეუღლესთან ამჟამად როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- მშვენიერი. ვმეგობრობთ... ბოლოს და ბოლოს, საერთო შვილი გვყავს.

- და მაინც, რატომ დაშორდით ერთმანეთს?
- გრძელი ამბავია. დაშორება მისი ინიციატივით მოხდა.

- როდესაც საყვარელი მამაკაცი გტოვებს, ეს შეურაცხმყოფელია თუ მტკივნეული?


- შეურაცხმყოფელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილია, რომელიც დროთა განმავლობაში მაინც ნელდება და ცხოვრებას უფრო გამოცდილი უბრუნდები.


ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”




Artbase 2007-2010
ოპერატიული კავშირი ბაზასთან 855 36 62 18
საიტის დამზადება — Modart Image